კაკლის მურაბა
  იგრეიენტები
  • 200 ცალი კაკალი
  • 1კგ კირი
  • 2 სუფრის კოვზი თეთრი შაბი
  • 5კგ შაქარი
  • 2 ჩაის კოვზი კორიცა
  • 10 ცალი მიხაკი
  • 5 ცალი დამსხვრეული კარდამონის მარცვალი
  • ვანილი გემოვნებით
მომზადება ავიღოთ 200 ცალი გათლილი და დაჩხვლეტილი კაკალი. ჩავყაროთ ერთი კილო კირისგან გაკეთებულ წყალში ისე, რომ დაიფაროს. ასე გავაჩეროთ 12 დღე. ხანდახან მოვურიოთ. შემდეგ ამოვიღოთ და ჩავყაროთ ცივ წყალში. ოთხი დღის განმავლობაში, დღეში ორჯერ გამოვუცვალოთ წყალი. უმჯობესია, თუ ჭურჭელს, რომელშიც კაკალი გვაქვს, ონკანის ქვეშ მოვათავსებთ და წყალს დაბალი ჭავლით მოშვებულს დავტოვებთ. როცა ამოვიღებთ, ჩავყაროთ ადუღებულ წყალში და 10 წუთით ვადუღოთ. შემდეგ ამოვიღოთ და გავრეცხოთ ცივ წყალში. მდუღარეში ჩაყრის და ცივ წყალში გარეცხვის პროცედურა გავიმეოროთ სამჯერ _ კარგად დააკვირდით ამას. შემდეგ ავიღოთ ორი სუფრის კოვზი თეთრი შაბი (100 ცალს ერთი სუფრის კოვზი სჭირდება) და გავხსნათ ადუღებულ წყალში. ჩავყაროთ კაკალი და ვადუღოთ 15 წუთით. შემდეგ ამოვიღოთ და ამჯერად ადუღებულ უბრალო წყალში ვადუღოთ 10 წუთის განმავლობაში. ყოველივე ამის შემდეგ გავაკეთოთ ორი ჩაის ჭიქა სიროფი და კაკალი ამ სიროფში ათი წუთით ვადუღოთ. შემდეგ ამოვიღოთ და კვლავ ცივ წყალში გავრეცხოთ. მოვათავსოთ ცხრილზე. ამის შემდეგ ცალკე მოვადუღოთ ხუთი კილოგრამი შაქრით და 10 ლიტრი წყლით სიროფი. გადნება თუ არა, როცა წამოდუღდება, ჩავუშვათ შიგ კაკალი და ვადუღოთ. არ გაგიკვირდეთ წყლის რაოდენობა. ვხარშოთ წესისამებრ, დაბალ ცეცხლზე. სიროფი როცა გასქელდება და შევატყობთ, რომ მოხარშვამდე ერთი საათი აკლია, მარლაში გამოვკრათ ორი ჩაის კოვზი კორიცა, 10 ცალი მიხაკი, 5 ცალი დამსხვრეული კარდამონის მარცვალი და ჩავკიდოთ შიგ. დუღილის დამთავრების შემდეგ, გემოვნებით ვუყოთ ვანილი. ვისაც ვანილიანი მურაბა არ გიყვართ, ნუ შეაზავებთ _ ისედაც სასიამოვნო არომატი ექნება. გემრიელად მიირთვით!