რჩევები დიასახლისებს ,, royal-food.ge " -სგან
 

როგორ გავაწყოთ სადღესასწაულო სუფრა?

    თითოეული დიასახლის თავისებურად აწყობს სადღესასწაულო მაგიდას. ერთს მეტად მოსწონს ფერადი სუფრა, მეორეს უჯრედებიანი ან დაჩითული, ხოლო მესამე უპირატესობას ანიჭებს თეთრ სუფრას. მაგრამ, მიუხედავად ჩვენი გემოვნებისა, სადღესასწაულო მაგიდას ყველაზე მეტად უხდება თეთრი, ქათქათა, გახამებული სუფრა. მიზანშეწონილია, სუფრის ქვეშ მაგიდას გადავაფაროთ სქელი ქსოვილი, რომელიც მას დაიცავს დაზიანებისაგან და ჭირჭელი არ იხმაურებს. აქვე უნდა აღვნიშნოთ რომ სადღესასწაულო თეთრ სუფრაზე გამჭირვალე ცელოფნის გადაფარება არ არის მიზანშეწონილი. რა თქმა უნდა, სადღესასწაულო სუფრაზე უნდა გამოვიტანოთ საუკეთესო ჭურჭელი, სასურველია სუფრის გაწყობა მთლიანი სერვიზით -ერთსახოვანი მოყვანილობის და ფერის ჭურჭლით. სადღესასწაულო სუფრაზე, როგორც წესი, პირველი თავი საჭმელი არ მიიტანება, ამიტომ ღრმა თეფშების დაწყობა არ არის აუცილებელი. მაგიდაზე ვაწყობთ ორ თეფშს, ერთი დიდი ცხელი საჭმელებისათვის და მეორე პატარა ზემოდან საუზმისათვის. თუ მაგიდის გაშლა გვსურს ყველა წესების დაცვით, როგორც თეფშების რაოდენობა, ასევე დანა-ჩანგალი და ჭიქები უნდა დაიწყოს რამდენიმე სახით, იმის მიხედვით, თუ რამდენი თავი საჭმელი და სასმელია, მაგრამ უფრო მოხერხებულია შემოვიფარგლოთ ორი სახის თეფშით. შემდეგ ვალაგებთ დანა-ჩანგალს, დანას ვდებთ თეფშის მარჯვენა მხარეს გალესილი პირი თეფშისკენ, ჩანგალს ვდებთ მარცხნივ ამობურცული მხარე ქვევით. თეფშის წინ ვდებთ პატარა დანას ხილისთვის, ჩანგალს ტორტისა და სხვა ნამცხვრისთვის, ჩაის კოვზს ნაყინისა და სხვა ჩაროზისათვის. ჭიქებს ვაწყობთ თეფშის წინ, ოდნავ მარჯვნივ, რომ ასაღებად მოსახერხებელი იყოს, სასურველია ჭიქები იყოს ერთი სახის განსხვავებული ზომით. დღეს-დღეობით ხმარებაშია ქაღალდის ხელსახოცები, მაგრამ სასურველია ქსოვილის ხელსახოცები, რომელიც სეიძლება დავდოთ თეფშზე ზემოდან ან გვერდით და მივცეთ სხვადასხვა ფორმა, მაგიდაზე ცალკე შეიძლება მივიტანოთ ქაღალდის ხელსახოცები სპეციალური ჩასალაგებელი საგნით. სუფრის გასაამაზებლად შეიძლება დავდგათ რამდენიმე ლარნაკი ყვავილებით. დიასახლისთან ახლოს საჭიროა იდგეს პატარა მაგიდა, სადაც მოთავსდება სხვადასხვა ჭურჭელი და სუფრისათვის საჭირო საგნები. ცივი საჭმელი ადრევე ლაგდება მაგიდაზე. ცენტრალურ ადგილებში იდგმება ოჯახის საფირმო საჭმელები, ისეთნაირად რომ სუფრის ყველა წევრმა კარგად დაინახოს და მიწვდეს გადმოსაღებად. აქვე იდგმება სხვადასხვა სახის საწებლები- მარილი, მდოგვი და სხვა. პური იჭრება თხელ ნაჭრებად და მიიტანება სპეციალური საპურეთი ან ჩვეულებრივი თეფშებით. თუ სტუმრად გეწვევათ 5-6 კაცი ცხელი საჭმელი სუფრაზე იდგმება დიდი ლანგრით, ხოლო თუ სუფრა მრავალ რიცხოვანია საჭიროა ჩამოტარება. მაგიდის თითოეულ წევრთან მიტანა ხდება მარცხენა მხრიდან და სტუმარი თავად იღებს სასურველ რაოდენობას. მჭადი და ღომი მაგიდაზე მიიტანება ცხლად. მჭადი სასურველია პატარ-პატარა გამოცხვეს, რომ დაჭრა არ დასჭირდეს. მჭადები ლაგდება პურთან ერთად, ღომი მიიტანება პატარა საუზმის თეფშებით. სასმელის ბოთლები სუფრაზე მიტანის წინ გაიხსნება, გარდა შამპანიურისა. კარგად გარეცხილი ხილი სპეციალური ლარნაკებით ჩაიდგება. თუ სუფრა მრავალრიცხოვანია ხილი განაწილდება რამდენიმე ადგილას. ტკბილეულის მიტანის წინ საჭიროა სუფრიდან ავიღოთ დაცლილი ჭურჭელი, საწებლები და სხვა, ასევე უნდა მოსუფთავდეს მაგიდის საფარი. ნახმარი თეფშების, დანა-ჩანგლის და სხვა ჭურჭლის შეცვლა საჭიროა მოხდეს სწრაფად და ხმაურის გარეშე. გისურვებთ წარმატებებს და მრავალი სადღესასწაულო სუფრის გაშლას