რატომ არ ვიცავ დაწერილ დიეტებს?
  პირველ რიგში უალტერნატივო არჩევანის გამო. 1 კვერცხი – კი მაგრამ რატომ 1 კვერცხი? იქნებ მე ამ დილით სულ არ ვარ კვერცხის ჭამის ხასიათზე? ან დამავიწყდა მისი შეძენა? კარგით, დილას და საღამოს კვება ასე თუ ისე შეგვიძლია სურვილისამებრ ვაკონტროლოთ, მაგრამ რა ვუყო შუადღისას საჭმელ ხაჭოს? ბევრი ჩვენგანი ხომ ამ დროს სამსახურში ატარებს, იკვებება თანამშრომლებთან ერთად ან საერთო მაგიდაზე ან სასადილოში. ძალიან დამღლელია მუდმივი განმარტებები – იცით მე დიეტაზე ვარ! შემდეგ კი სიტყვა დიეტის ხსენებაზე რჩევა-დარიგებებების მიღება – რად გინდა შენ დიეტა? ან იცი ჩემმა ნათესავმა აი ასე დაიკლო, ასე ჯობია და ა.შ. ვთვლი, რომ კვების რეჟიმი მაქსიმალურად ისე უნდა იყოს მორგებული შენი ცხოვრების რეჟიმს, რომ ნაკლები დისკომფორტი შეგიქმნას და არ იყოს დარღვევისათვის განწირული. რა თქმა უნდა კარგია, რომელიმე დიეტის დაცვით მიღებული შედეგი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ შედეგის შენარჩუნება ხშირად ძალიან ჭირს, რადგან დიეტის დასრულების შემდეგ ისევ იგივე ტიპის კვებას ვუბრუნდებით, რამაც წონაში მატება გამოიწვია. შემდეგ ვიწყებთ მორიგ დიეტას და ა.შ. გარდა ამისა, დიეტა მხოლოდ წონის კლებაზეა გათვლილი, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემები, შენელებული ნივთიერებათა ცვლა, არაჯანსაღი კვების ჩვევები უცვლელი რჩება. მე გამოსავალი არა კონკრეტულ დიეტაში, არამედ კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებაში ვიპოვე. სწორი კვების რეჟიმს წონაში კლების პროცესში, ვარჯიშის პარალელურად, მის აუცილებელ კომპლექსურ ნაწილად მივიჩნევ.